ჩემი თვალით დანახული ღმერთი!

  ჩემი აზრით დღეს ღმერთს ბევრი ვერ იცნობს, თუმცა ზოგს ჰგონიათ რომ იცნობენ, მაგრამ ასე არ არის. ბევრს მიაჩნია, რომ თუ რაღაცას გააფუჭებ, თუ არ იქნები ჭეშმარიტ კონცეფციაში და თუ არ შეიზღუდავ თავისუფლებას, ღმერთი დაგსჯის და შვილს, რომელიც ხარ ღმერთის მიერ შექმნილი და ის მშობელია შენი, სამუდამო სატანჯველისთვის გაგიმეტებს, თუნდაც იმ მიზეზით, რომ შენ ხარ მუსლიმი და არა ქრისტიანი (ამ შემთხვევაში საქართველოს რეალობიდან მომყავს მაგალითი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მუსლიმი სხვაგვარად ფიქრობს).
  თუ გწამს ღმერთი, ამ რწმენას განმტკიცება უნდა, რადგან ბრმად მორწმუნე ყოველთვის ადვილად დათმობს ღმერთის სიყვარულს და ღმერთი მისთვის იქნება უცხო. ღმერთს უნდა ეძებდე ყველაფერში, რადგან ყველაფერში იპოვი ღმერთის კვალს, ხოლო რაც უფრო ეძიებ და ეცნობი ღმერთს, მით უფრო მეტად გიყვარს ის.

  ღმერთმა შექმნა სამყარო, ადამიანები, ანგელოზები და ასე შემდეგ, მაგრამ ღმერთს არ შეუქმნია ჯოჯოხეთი, რისიც ასე ეშინიათ ხალხს! რატომ უნდა გეშინოდეს ღმერთის? რატომ უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების წესი შიშზე დამოკიდებული? თუ რამეს ცუდათ გავაკეთებ, ღმერთი დაგვსჯის? ეს ხომ თავისუფლება არ არის! არადა ღმერთმა ხომ მოგვანიჭა ადამიანებს თავისუფლება? მე არ მეშინია ღმერთის, მე მიყვარს ის და ჩემი შეცდომებით თუ სხვადასხვა ცუდი საქციელების მიუხედავად მაინც ვუყვარვარ ღმერთს, მე ასეთი მიმაჩნია ღმერთი და არ მიმაჩნია თავი ღმერთის მარიონეტად, მე ვარ თავისუფალი ადამიანი და მე ვაკეთებ იმას, რაც მიმაჩნია სწორად, ყოველგვარი ჯოჯოხეთის და სამუდამო წამების შიშის გარეშე. ანდა, ნუთუ ერთი რაღაც წამიერი შეცდომისთვის ღმერთი სამუდამოდ დაგვსჯის? ეს ხომ იქნებოდა ყველაზე დიდი უსამართლობა.


  მე ღმერთი არ წამომიდგენია თეთრწვერება, ტახტზე მჯდომ მოხუცად, რომელიც ზემოდან უყურებს რა ხდება დედამიწაზე და ამაზე ხალისობს, ღმერთი არის ის, რაც ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი და შეუცნობელია ბოლომდე, მაგრამ რაღაც ზღვრამდე შესაძლებელია შევიცნოთ და გავიაზროთ, თუ რას წარმოადგენს ის. ზოგს სჭირდება ღმერთის არსებობის მტკიცებულება რაღაც სასწაულებით და ნუთუ სასწაული არაა ჩვენი არსებობა ასეთ პირობებში და ამ ფორმაში?

  ერთმა მეგობარმა, სახელად კონსტანტინემ, ძალიან საინტერესოდ დაახასიათა ღმერთი, რასაც ჩემი მთელი არსება ეთანხმება:

  •   ბოროტია ის ღმერთი, რომელმაც წინასწარ იცის ადამიანის მომავალი არჩევანის შესახებ, მაგრამ მაინც უშვებს მის არსებობას, რათა შემდეგ მარადიულ ტანჯვაში ამყოფოს.
  • ბოროტია ის ღმერთი, რომელიც ქმნის ჯოჯოხეთს ადამიანთა მარადიულ სატანჯველად და არ აძლევს თავის ქმნილებას მეორე შანსს.
  • უძლურია ის ღმერთი, რომელიც უშვებს მარადიული ბოროტების არსებობას მის გვერდით.
  • სადისტია ის ღმერთი, რომელიც უყურებს და წმინდანებასაც აყურებინებს თავის ქმნილების წამებას და არ აძლევს სინანულის საშუალებას და შესაბამისად მდგომარეობის შემსუბუქების შანსს.
  • უძლურია ის ღმერთი, რომელიც ამ ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვებისთვის შეუსაბამოდ უშვებს ადამიანთა მარადიულ ტანჯვას.
  • უკეთურია ის ღმერთი, რომელიც ადამიანთა მარადიულ ტანჯვას უშვებს არა გამოსწორებითი და განწმენდითი მიზანდასახულობისთვის.
  • დამარცხებულია ის ღმერთი, რომლის ქმნილებათა უდიდესი უმრავლესობა სატანის მსხვერპლი გახდა და ბოროტებაშიც დარჩა მარადიულად.
ხო, სწორედ რომ ამის საპირისპიროა ღმერთი, ის არ არის ბოროტი, მან წინასწარ კიარ იცის რა მოხდება მომავალში, არამედ უკვე მომხდარია მისთვის ყველაფერი! ღმერთი არასდროს დაუშვებს ადამიანის, საკუთარი შვილის მარადიულად ტანჯვას! ღმერთი არ არის სადისტი და დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან ყველა ადამიანი იგრძნობს სინანულს და სინანულით შეიმსუბუქებს მის მდგომარეობას, ღმერთი არ არის უძლური და მისი სიძლიერე უსაზღოვროა, ღმერთი არ არის უკეთური და არ უშვებს ადამიანთა მარადიულ ტანჯვას, ღმერთი ყოველთვის გამარჯვებულია და სატანის მსხვერპლნი არასდროს ვიქნებით მარადიულად, პირიქით, ბოლოს სატანაც მოინანიებს ყველაფერს და სატანაც შეუერთდება ღმერთს, სატანაც ხომ სინამდვილეში ღმერთის ქმნილება, ერთერთი მთავარანგელოზი იყო! 

საუბარი ღმერთზე გაგრძელდება შემდეგ პოსტებშიც............................................

კომენტარები