მე და მე

 3 წელი გავიდა პირველი პოსტის შემდეგ და თითქოს გუშინ დავწერე. დრო ძალიან სწრაფად გადის და ხშირად ვფიქრობ, რომ ვერ მოვასწრებ ყველაფერს. 25 წლის ვარ და ჩემი ცხოვრების ეს დრო მთლიანად ბრძოლაში მაქვს გატარებული, რომ იმ მიზანთან მივიდე, რაც მაქვს. თავი რომელიღაც წიგნის მთავარი გმირი მგონია და ეს წიგნი დრამას არ ჰგავს, რაღაც შერეულია, რომლის ფინალიც გაურკვეველია.
 ყოველთვის ვცდილობდი და ახლაც განვაგრძობ მცდელობას, რომ არ ვიყო ცუდი ადამიანი და მემგონი გამომდის კიდეც, თუმცა სხვა ადამიანების მსგავსად ჩემს ცხოვრებაშიც არის დაბრკოლება, რისი დაკონკრეტებაც არ მინდა და რომ არა ეს დაბრკოლება, შესაძლოა ჩემს ცხოვრებაზე დამკვირვებელს ეთქვა, რომ იდეალურია! ზოგჯერ მეც ვაკვირდები ჩემს თავს და ვაცნობიერებ, რომ სულ სხვა ვიღაც ვარ, თითქოს ეს მე არ ვარ და ალბათ ეს იმის შედეგია, რასაც წლების განმავლობაში ვცდილობდი. ადრე მჯეროდა, რომ ადამიანები არ იცვლებოდნენ, თუმცა ჩემს თავს რომ შევხვედრილიყავი დაახლოებით 15-16 წლის ასაკში, ალბათ ის ტიპი გზის მეორე მხარეს გადავიდოდა თავის ასარიდებლად, მე კი პრინციპულად მასთან შესახვედრად გავიმეორებდი მის ქმედებას და ვეტყოდი, რომ მოეშვი ნოდარ, ყველაფერს აქვს თავისი დრო და ცხოვრება მშვენიერია.
 არ ვიცი რამ გამხადა ასე ამბიციური, პრინციპული და სრულიად თავდაჯერებული. ადრე ეს რაღაცეები არ მქონდა. არ ვიცი ეს ყველაფერი ახლა კარგია თუ ცუდი, თუმცა ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.
 3 წელში ბევრი რაღაც შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში და აქედან ჩემი საუკეთესო მეგობრის გარდაცვალება ნამდვილად ტრაგედია იყო. ხშირად ასეთ თემებზე ჩემს მეგობართან ვსაუბრობდი, ახლაც მყავს მეგობარი, მაგრამ თითქოს მხოლოდ ის იყო ჩემი ნანდვილი მსმენელი, რომელიც მოსმენასთან ერთად გზას მიჩვენებდა და მასთან ურთიერთობის დროს ყველაფერი უფრო მარტივი იყო.
 საერთოდ ცხოვრებას პოზიტიურად ვუყურებ და მაქსიმალურად ვერიდები ნეგატიურ ურთიერთობებს, თუმცა ის მაინც არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ვაიგნორებ. არც კი ვიცი ამის დაწერა რატომ გადავწყვიტე ახლა, ალბათ ამ ბლოგშიც ვხედავ ჩემს მეგობარს.
 ვიღაცამ შესაძლოა იფიქროს, რომ მარტოსულად ვგრძნობ თავს და რა თქმა უნდა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ბევრი მეგობარი მყავს, ადრე თუ მიჭირდა ვინმესთან დამეგობრება, ახლა ისინი თავად მიმეგობრდებიან და თავად უჩნდებათ სურვილი ჩემთან ხშირად მოვიდნენ, რაც ძალიან მახარებს.
 უკვე წერაც მეზარება, სხვა დროს გავაგრძელებ :D

კომენტარები